
დეპუტატმა, გიორგი ბარამიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა, მართლა მიიჩნევდა თუ არა, რომ მისმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგა.
„მართლა თვლით, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს შორის საერთო არაფერი არ არის?
თვლით თუ არა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელმაც ახლახან მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ნორმალურია, რომ თქვენ ბრძანდებით პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას კი რეალურად არაუფლებამოსილი პირი, ბიძინა ივანიშვილი მართავს?
ნორმალურად თვლით იმას, რომ პროკურატურას ასევე არაუფლებამოსილი, კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება, ფარცხალაძე მართავს. მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ ქვეყანას ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი სჭირდება, როგორც ბატონი ჭიკაიძეა?
დაინტერესდით თუ არა დეპორტირებული ქურდების საკითხით? როდის დაასრულებთ ზურაბ ჟვანიას საქმის, ბარბარე რაფალციანის, სვანეთის სოფელ ეწერში ჩატარებული ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაციის გამოძიებას, ასევე თქვენს პერიოდში ციხეებში პატიმრების და მოწმეთა მკვლელობის საქმეებს?
გრძნობთ თუ არა პირადად პასუხისმგებლობას იმ სავალალო ფაქტზე, რომ თქვენმა მთავრობამ ქვეყნის ბიუჯეტი თითქმის 700 მილიონი ლარით გაარღვია და ამის გამო ვერ მოხერხდა თქვენს მიერ პენსიონერებისთვის დაპირებული პენსიის ზრდა", - მიმართა ბარამიძემ პრემიერს.