
საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე მშვიდობიანად მივედით 27 ივნისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ "პალიტრა TV"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
"იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და რაც მოჰყვა უკრაინის ევროპულ მისწრაფებას, თუ შევადარებთ ჩვენს მიერ განვლილ პერიოდს, მართლა შეიძლება ითქვას, რომ ნემსის ყუნწში გავძვერით და ეს პერიოდი ძალიან ოსტატურად ჩავატარეთ.
ამის მიღწევას ძალიან სერიოზული დანახვა უნდა. იმედი გვაქვს ამას ჩვენი ოპონენტებიც დაინახავენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილიც დაინახავს, რადგან საზოგადოებაშიც იყო სკეპტიკური განწყობა, რომ იქამდე არ მიგვიშვებენ, ცხვირ-პირს დაგვიმტვრევენ და ა.შ.
საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე მშვიდობიანად მივედით 27 ივნისამდე. რომ არა საქართველოს ხელისუფლების მონდომება, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების პირობებში, ერთი პროცენტი არ გვქონდა შანსი, რომ ჩვენ ასოცირებული ხელშეკრულება გაგვეფორმებინა.
ასე იქნებოდა, რადგან ასეთი ურთიერთობები იყო მაშინ რუსეთთან - უაღრესად მწვავე, სრული კონფრონტაცია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.