-
2014-06-25 16:46
,,ნატო-მ ხელი ჰკრა საქართველოს, მონტენეგროს კი წევრობის იმედი მისცა“- ამ სათაურით სტატიას ,, Reuters“-ი აქვეყნებს.
სტატიაში ვრცლად არის განხილული ნატო-საქართველოს ურთიერთობა, განსაკუთრებით ხაზგასმულია ბუქარესტის სამიტის შედეგები და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საკამათოა, მიიღებს თუ არა საქართველო მაპ-ს ახლა, როცა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება.
,,მიანიჭებს თუ არა ნატო მაპ-ს საქართველოს, უაღრესად საკამათო საკითხია ალიანსში ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ. ამ სამიტიდან რამდენიმე თვეში მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი, მოგვიანებით კი რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
ამ ყველაფრის გამო ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყანა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას არ მიესალმება. რადგან გაწევრიანების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ნატო ვალდებული იქნება, ჩაერთოს მის თავდაცვაში რუსეთთან კიდევ ერთი ომის შემთხვევაში. რუსეთსა და ნატო-ს შორის კი დაძაბულობა იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა.
აქედან გამომდინარე ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვის, ნამდვილი პოლიტიკური ნაღმი გახდება,“ - წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ როგორც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველო მაპს ვერც ამჯერად მიიღებს. თუმცა აქვე მოყვანილია ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენი სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ ნატოსგან საქართველო მიიღებს სამოქმედო პაკეტს, რომელიც მას ალიანსთან დაახლოებაში შეუწყობს ხელს.