
„ჯეიმს აპატურაი მართალია, როდესაც ამბობს, რომ საქართველო დღეს ნატოში სრული წევრობისთვის მზად არ არის,”- ამის შესახებ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მინისტრის აზრით, საქართველოს დასჭირდება წლები, რათა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად იყოს.
,,საქართველო და ნატო საუბრობს შემდეგ ნაბიჯზე -ინტეგრაციაზე, რომელიც არის გაწევრიანები სამოქმედო გეგმა, ეგრეთწოდებული „მაპი“. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად, პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობის დონით ნატოს წევრები.
აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდეგ ნაბიჯზე. თუმცა, მე ვთვლი და ვაშინგტონშიც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, ის რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან უნდა დაიწყოს ახლა, ძალიან მალე გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. მაგრამ, ეს არის ჩვენი სურვილი. აქედან გამომდინარე, ტექნიკურად აბსოლუტურად მართლია ჯეიმს აპატურაი,“-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, თავდაცვითი სისტემების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს კონკრეტულად, ვისთან და რა ფომატში მიდის მსჯელობა.
,,მეორე საკითხი, რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობას და თავდაცვით შეიარაღებას. აბსოლუტურად სწორია, რომ ნატოს შეიარაღება არის წევრი ქვეყნების შეიარაღებები. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ნატოს შესაძლებლობებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის წევრი ქვეყნები, ვისაც გააჩნია ასეთი შესაძლებლობები, ეს იქნება საჰაერო თავდაცვა, თუ სხვა ჩვენთვის საჭირო შეიარაღება, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს.
აქვე დავამატებ, რომ ამ კუთხით მიმდინარე მოლაპარაკებები, აღარ დავაკონკრეტებ ვისთან და როგორ, წარმატებით მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე უკვე საჯაროდაც გაცხადდება ამ მოლაპარაკებების შედეგები.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.