
უკვე დადასტურდა, რომ ტელეკომპანია „იმედში“ რეორგანიზაცია განხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ტელეკომპანიის მხრიდან კომპანია „ეი-სი-თი“-სთვის“ ეგზიტპოლების დაკვეთა გახდა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით ნარმანიამ ხმების 52.2% მიიღო, ხოლო „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ - 34.7%.
„იმედმა“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ოცნების" პოლიტიკურ ბომონდს ნაადრევად აზეიმა გამარჯვება.
„ტელეკომპანიის დამფუძნებლები და მენეჯმენტი ერთად აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ეგზიტპოლების შემსრულებელ კომპანიასთან არკვევს ეგზიტპოლისა და არჩენების წინასწარ შედეგებს შორის არსებული ცდომილების მიზეზებს და მოგვიანებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას.
„იმედის“ დამფუძნებლები, ასევე, აცხადებენ, რომ ტელეკომპანიას ბაია ცანავას მეტი აღარავინ დატოვებს და მენეჯმენტში სხვა ცვლილებები აღარ იგეგმება. თუმცა, შესაძლოა, ცვლილებები კვლავ გაგრძელდეს.
„იმედიდან“ გამოჟონილი ინფორმაციით, რეზო საყევარიშვილი შეინარჩუნებს გენერალური დირექტორის პოსტს, მაგრამ ცვლილებები განხორციელდება სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. კერძოდ, ვინ დატოვებს კიდევ „იმედს“, ამ დღეებში გაირკვევა. არ არის გამორიცხული „იმედი“ დაატოვებინონ ჟურნალისტთა და პროდიუსერთა იმ გუნდს, რომელიც ბაია ცანავამ მიიყვანა,“ - წერს გაზეთი „ალია“.
„ალია“