
გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილ მკალავიშვილი პატრიარქის ახალ ანდერძსა და ზოგადად საპარტიარქოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომა გადაწყვიტა, სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
„... თითქმის 4 ჯგუფს ჰყავს თავიანთი კანდიდატურები, ღვთის ნებას არას დაგიდევენ, ყველა პირველობისკენ ილტვის. მოგახსენებთ, რომ პატრიარქი თვით წერს ანდერძს.
არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არ ავადმყოფობდეს, მაგრამ სხვა მიზეზებით გარდაიცვალოს, ამ შემთხვევისთვის მას უწერია, ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ეს გასაიდუმლოებული რამ არის. მხოლოდ მან იცის, სხვამ არავინ. ჩემთვის გაუგებარია, როგორ გაიგეს, ვინ ეწერა ანდერძში პატრიარქს ან მერე შეცვალა ანდერძიო.
ანდერძი სეიფში დევს და გასაღებიც მას აქვს, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში იხსნება სეიფი და ხდება საჯარო...
... 70 წელს ვარ მიტანებული, რა არ გადავიტანე, ხალხიც მინახავს - უიმედონი, გულგატეხილი, მაგრამ როგორც დღეს არიან, ნამდვილად არ მახსოვს... ჩვენი საქმე მაშინ წავიდა ცუდად, როცა ბიძინა ივანიშვილმა გვერდით მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები - „რესპუბლიკელები“ დაიყენა...
პრინციპში, არაფერი შეცვლილა, ხალხი ისევ გაღატაკებულია, უმუშევარნი, ორი ფენაა ისევ საზოგადოების: უკიდურესად მდიდარნი და უკიდურესად შეჭირვებულნი. 150 ლარი პენსია გადმოგვიგდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ჩვენ ეს უნდა ვიმყოფინოთ, მათ კი სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატისთვის 50 000 და 90 000-იანი პრემიები მიიღონ. აი, ბედის ირონია... მე მიკვირს ის 27%-იც როგორ მივიდა არჩევნებზე. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს უკვე ბოლო საფეხურია აღვირახსნილობისა.
... მერწმუნეთ, თუ გონს არ მოვეგებით, ღმერთი ისეთ დღეში ჩაგვყრის, სიკვდილი სანატრელი გაგვიხდება...
საქართველოს ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ბევრი მოდიან ჩემთან, განსაკუთრებით კი მაღალი იერარქიების წარმომადგენლები, ისინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, საპატრიარქოში არსებული სიტუაციის გამო, აცხადებენ, თავს ზემოთ ძალა არ გვაქვსო, პატრიარქის ნებართვის გარეშე, ინტერვიუებსაც კი ვერ ვაძლევთო.
ყველა თევდორე მღვდელი ვერ ვიქნებით, აქეთ მამხნევებენ, ისევ შენს თავზე უნდა გადავიდეს ყოველივე, შენ მაინც თქვი სიმართლე, რა განუკითხაობაა საპატრიარქოში თუ მთავრობაშიო. მე ისედაც ვამბობდი სიმართლეს და ვიტყვი ყოველთვის, სანამ პირში სული მიდგას.
... შე კაი დედმამიშვილო, თუ ხელისუფლება ბოროტად ერევი ეკლესიის საქმეებში, მე ღვთის მსახურს, როცა ვხედავ, რომ უნიათო ხელისუფალი, უფსკრულისკენ მიაქანებს, ქვეყანას, სოდომ-გომორისთვის ამზადებს, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, გრანტებზე ყიდის წინაპართა სისხლით მონაპოვარს, გილახავს სარწმუნოებას, ძალად გაჩეჩებენ ჩიპიან პასპორტებს, ხედავ სამშობლო თავზე გექცევა, ამას ვუყურებდე, პირში წყალი ჩავიგუბო და დაველოდო, როდის დაეპატრონებიან შინაური თუ გარეული ეშმაკები ჩემს ქვეყანას და ხმა არ ამოვიღო?
... რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიწვიონ რუის-ურბნისის მსგავსი კრება, რომელიც განწმენდს საქართველოს ეკლესიას უღირსთაგან. სჯობს იყოს 5 ეპისკოპოსი ჭეშმარიტი, ვიდრე 50 უვარგისი. პირველ რიგში, ეკლესია უნდა მოწესრიგდეს, რათა მთავრობას არ ჰქონდეს სალაპარაკო კომპრომატებით, პირიქით ეკლესია უნდა აჩვენებდეს გზას ერს, ის უნდა იყოს ყოველივე გაჭირვების ტალკვესი, ამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ განწმენდილი ეკლესიაა...“ - აცხადებს მამა ბასილი.
„ალია“