
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ ხელმძღვანელის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, პრეზიდენტად გახდომის დღიდან მარგველაშვილი ამაყი და პრეტენზიული გახდა, ანუ, ის თვისებები გამოამჟღავნა, რასაც მანამდე მალავდა.
„ვფიქრობთ, რომ მისი სურვილი, არ ეთამაშა გუნდურობის პრინციპით, გარკვეულ ძალებთან იყო შეთანხმებული, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები.
დღეს ის დაუცველი დარჩა, იმ გუნდის მხარდაჭერა დაკარგა, რომელმაც ის გააპრეზიდენტა. სულ მალე, ალბათ, ახალი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა კასრელიშვილმა.
კითხვაზე დატოვებს თუ არა პრეზიდენტი პოსტს ვადაზე ადრე, კასრელიშვილი პასუხობს, რომ მარგველაშვილი თავისი ნებით არ გადადგება.
„აბსოლუტურად უპერსპექტივო ადამიანი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტად გაიღვიძა, თავისით არ გადადგება პრეზიდენტის პოსტიდან. ვინც მარგველაშვილი გააპრეზიდენტა, ისინი ამას არ დაუშვებენ.
აქვე მინდა განვაცხადო, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი, რომელიც 4-5 მოღალატე მინისტრის თემაზე ალაპარაკდა, თუ არ დაასახელებს, კონკრეტულად ვის გულისხმობს მოღალატე მინისტრებში, ჩათვალეთ, რომ „ნაცმოძრაობიდან“ მისმა პარტნიორებმა დაიწყეს ურთიერთგადაკიდების პოლიტიკა.
ეს „კინო“ 90-იან წლებში ჩვენ უკვე ვნახეთ, როცა ეროვნული ლიდერები ერთმანეთს გადაჰკიდეს, პარლამენტარებს ერთმანეთი აცემინეს, ქუჩაში გამოიყვანეს და თოფები ასროლინეს. დაახლოებით იგივე პროცესი მიდის, ოღონდ უფრო დახვეწილად, ქვების სროლისა და კარვების გაშლის გარეშე“, - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
„ალია“