
გადაცემაში „რეაქცია“ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მან 2011 წელს კახა კალაძეს პირადად შესთავაზა ხალხის გვერდით დადგომა, მაგრამ მისგან მივიღე პასუხი, რომ ბიზნესი აინტერესებს და არა პოლიტიკა.
ნინო ბურჯანაძემ ამით უპასუხა კახა კალაძის პრეტენზიას მის მიმართ, როცა ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ „ნაციონალებმა“ ნინო ბურჯანაძეს კორიდორი შეუქმნეს და გააპარეს.
„როგორც აღმოჩნდა, იმ დროს კახა კალაძე წამოწოლილი ნებივრობდა სხვადასხვა ადგილას, როგორც ეს სურათებიდან ჩანს, ახლა კი, როგორც ამბობენ, სხვადასხვა სახის წილების გადაფორმებით არის გართული, მასთან ძალიან ბევრი პრეტენზიაა და მე პირობას ვდებ, რომ ეს ყველაფერი იქნება შესწავლილი, როცა ამომრჩეველი 15 ივნისს სამივე ბიულეტენში სამ ნომერს შემოხაზავს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ კახა კალაძეს ურჩია, თუკი არ სურს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან თანამშრომლობა, კოალიციიდან დაიწყოს: „მაშინ უარი თქვას რეზო შავიშვილთან, ზვიად ძიძიგურთან და ლევან ბერძენიშვილთან ურთიერთობაზე, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თანადამფუძნებლები არიან და სააკაშვილთან ერთად იყვნენ თანათავმჯდომარეები“, - თქვა მან „რეაქციაში“.