
"პრემიერ-მინისტრის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანია "ბიბისის" ეთერში გაკეთებულ შეფასებებს.
როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს საკუთარი სახელი დაარქვას.
"მავნებლურ პოლიტიკის და რიტორიკას, რომელსაც საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა ჩაუაყარა, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს. ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს დაარქვას თავისი სახელი – ოკუპანტი. ის არასწორს ფორმულირებებს აკეთებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამით ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ამგვარმა განცხადებებმა შეიძლება მოიტანოს შედეგი, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის საკითხი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დღის წესრიგში სულ უფრო ქვემოთ ჩაიწევს, რაც რა თქმა უნდა, ხელს აძლევს რუსეთს, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის მას გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა უკრაინაში ყირიმთან მიმართებით", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.