
2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული რეინჯერის დავით ცინდელიანის მშობლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა კონფიდენციალურად შეხვდა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ერთერთ კერძო სახლში შედგა. „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ცინდელიანის დედა და მამა იმყოფებოდნენ. საუბარმა მათსა და თენგიზ გუნავას შორის დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა.
ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას ექსცესები არ მოჰყოლია. თენგიზ გუნავამ ცინდელიანებს განუცხადა, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ საქმის გარშემო სიმართლის დადგენით და პირობა დადო, რომ გამოძიების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში მზადაა, ყველა შეკითხვას უპასუხოს.
შეგახსენებთ, რომ დავით ცინდელიანი 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. 10 ივნისს შსს-მ საქმე გახსნილად, ხოლო დავით ცინდელიანი მოკლულად გამოაცხადა. ცინდელიანის მკვლელობაში ბრალი დაედო ე.წ. ხურჩის ტერაქტისთვის დაკავებულ, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს უფროსს რომან შამათავას.