
პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი შალვა რამიშვილი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და ივანიშვილთან არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ბევრი რამის თქმა შეუძლია, თუმცა იმის გამო, რომ გუნდის წევრად მოიაზრებოდა, მისი მხრიდან ამ ადამიანებზე საუბარი გამართლებული არ იქნება.
„შესაძლოა, ვინმემ არ დაიჯეროს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოსვლა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამდე დიდი ხნით ადრე გადავწყვიტე. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რადგან გიორგი მარგველაშვილთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციაში მეც გადავედი, ნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი და მომხრეც ვიყავი...
ფულის თემა ჩემს მიმართ მოძველებულია. ნატურით მემარჯვენე ვარ და მიყვარს, როცა მუშაობის მოტივაციას ალალად და გულწრფელად ასახელებენ. სამწუხაროდ, უამრავი ფარისეველი ადამიანი ამას არ აღიარებს და ტყუის, თითქოს ფული მნიშვნელოვანი არ არის.
ფულზე საუბარი ჩემი ახალგაზრდობის ეპატაჟი იყო, რომელიც მაშინ ჭრიდა. ახლა ეს საუბარი მოძველდა, საზოგადოებამ ამაზე რამდენჯერ უნდა ისაუბროს? ახლა სჯობია, ჩემი ნახელავი შეაფასონ“, - განაცხადა რამიშვილმა.
შალვა რამიშვილი გამორიცხავს, რომ ხელისუფლება რეგიონებში არჩევნებამდე დაძაბულ ფონს სპეციალურად ქმნის.
„ნაციონალებმა“ რებრენდინგი ვერ მოახერხეს, არადა ამ პროცესის დაწყებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. ფულადი რესურსი იმ ადამიანის ხელშია, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ რებრენდინგი არ აწყობს. ეს მათ აუცილებლად დაღუპავს.
გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება“ ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს, უბრალოდ, ადგილზე ვიღაცეები ზედმეტ ინიციატივას იჩენენ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდეგ არ შეხვედრია.
„ვერსია“