
საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013 წ.წ.) მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში პირველად გასცა პასუხი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე წამყვანმა შეკითხვა დაუსვა.
„...თქვენ ხშირად აცხადებთ, რომ მზად ხართ, კონსულტაცია გაუწიოთ ხელისუფლებას საერთაშორისო მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს თქვენთან შემხვედრი წინადადება. მაგალითად, საქართველოს პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ თქვენ გეპატიჟებათ პლანტაციებში სამუშაოდ. იცით ამის შესახებ?“, - ჰკითხა წამყვანმა სააკაშვილს, რაზეც მან უპასუხა:
„დროა უკვე, რომ ყველა დაღვინდეს, დაბრძენდეს, ცოტა დასერიოზულდეს. მე არ მგონია, რომ საქართველო დღეს იმ სიტუაციაში იყოს, რომ ჰქონდეს ლაზღანდარობისა და ასეთი რაღაც წვრილმანი „შპილკაობის“ დრო. საქართველო დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. თქვენ ხედავთ, რა ხდება ბოლო პერიოდში ცხინვალსა და სოხუმში, თქვენ ხედავთ, რა მუქარა და აგრესია მოდის მოსკოვიდან, იმის მიუხედავად, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელიც მაგალითად, მთელი ეს თვეები თავს იკავებდა უკრაინის ღია მხარდაჭერისგან. ამ სიტუაციაში დღეს საქართველოში საჭიროა ძალიან ფრთხილი, ბრძნული და გეგმაზომიერი პოლიტიკა და არ არის ურთიერთქიშპის დრო“.