
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "მაესტროს" ეთერში კიევიდან ჩაერთო. მისი თქმით, თანამებრძოლებთან კომუნიკაცია აქვს და პარტიას, რომელსაც თავმჯდომარეობს, მომავალ არჩევნებში წარმატებას უსურვებს, თუმცა, შიდა პოლიტიკაზე საუბრისგან თავს იკავებს.
მიხეილ სააკაშვილი ეს პოზიცია და წინასწარი შეთანხმება, რომ შიდა პოლიტიკაზე არ ესაუბრათ, წამყვანმა გაახმიანა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს მან მაინც დაუსვა შეკითხვები მის მმართველობასთან დაკავშირებით. მაგალითად, "მაესტროს" წამყვანი დაინტერესდა, რამდენად სწორად მიაჩნდა სააკაშვილს მისი ცნობილი გამონათქვამები ("მაესტრო" მარსიდან მაუწყებლობს" და სხვ.) ტვ "მაესტროს შესახებ, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ყველა მთავრობას ახასიათებს გაღიზიანება კრიტიკაზე და შესაძლოა, მისი მხრიდან მართლაც ყოფილიყო ემოციური ფრაზები.
წამყვანის შემდეგ შეკითხვაზე, უნდა მიიღოს თუ არა მან, როგორც ამ ტელევიზიის წამყვანმა ის ბოდიში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მასზე განაწყენებულ ყველა მოქალაქეს მოუხადა, საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013წწ.) უპასუხა: "არა მგონია, რომ თქვენს დროს, ჩემს დროს, ახლა ამაზე უნდა ვხარჯავდეთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი რამის გაკეთება სხვაგვარად შეიძლებოდა, მაგრამ მე არავის მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო შევქმენით".
გადაცემის წამყვანი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სტატუსითა და საქმიანობითაც დაინტერესდა: "ოფიციალური მრჩევლის სტატუსი არ გაქვთ, თუმცა ამბობთ, რომ კონსულტაციას უწევთ უკრაინის ხელისუფლებას. რა იცით თქვენ ისეთი, რაც კრიზისში მყოფ უკრაინას გამოადგება, მით უმეტეს, რომ თქვენს პოლიტიკას საქართველოში ხალხმა უკვე უთხრა "არა".
შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა სიტყვა: "თუმცა, თუ არ ვცდები, თქვენი სურვილი იყო, რომ მრჩეველი ყოფილიყავით", რაზეც სააკაშვილმა უთხრა: "არა, არა... უკაცრავად, თუ დამალაპარაკებთ, მალაპარაკეთ..."