
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ლევან ქარდავა სოფელ ჯგალში, ლეხარჩილეს უბნის მოსახლეობას შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი თამუნა მორგოშია, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, შოთა იზორია წარუდგიანა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი მიმართულება იყო წარმატებული - კრიმინალთან ბრძოლა, განათლების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული რეფორმები, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. გახსოვთ, ალბათ, ის პერიოდი, როდესაც ფორმიანი პოლიციელი არანაკლებ საშიში იყო ვიდერე ყაჩაღი - დღე ფორმა ეცვა, ღამით კი ყაჩაღობდა.
ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი დამსახურება არ იძლევა გარანტს, რომ შეიძლება ზოგი რამ გვეპატიოს და ხალხმა განაჩენი გამოიტანა არჩევნებზე. იყო მოლოდინი, რომ ყველაფერი, რაც კარგი კერთდებოდა, გაგრძელდებოდა და ახალი ხელისუფლება არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე იმუშავებდა.
სამწუხაროდ, ახალმა გუნდმა, მოქმედმა ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად ძველი მთავრობის ლანძღვა-გინება გაიხადა და ქვეყანაში რეალურად არსებული პრობლემები ყურადღების მიღმა დარჩა. "ქართულმა ოცნებამ", საკუთარ მოსახლეობას დაპირისპირების მეტი ვერაფერი შესთავაზა. არ მგონია, მას, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა, ეს უხაროდეს. მეც, თუ დიდი სიხარულით გვერდში არ დავუდგებოდი, ხელს მაინც არ შევუშლიდი საქმის კეთებაში, მაგრამ ეს არ სურთ.
მათ მთავარ მიზნად პოლიტიკური სივრციდან "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა დაისახეს. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია, რომელიც გააკრიტიკებდა და შეცდომებზე მიუთითებდა. როგორი სუსტებიც იყვნენ ოპოზიციაში, ისეთივე სუსტნი აღმოჩნდნენ ქვეყნის მართვაშიც". - განაცხადა ლევან ქარდავამ.
დეპუტატმა ყურადღება საკადრო პოლიტიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ მხრივ ნაჩქარევ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
" საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი ადამაიანები არიან, რომლებსაც სახელმწიფოებრივი აზროვნების პრობლემა აქვთ და ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას. მე მაშინაც და დღესაც არ მოვსულვარ არც მთავრობის და არც პარტიის იმედად. ჩვენ გვინდოდა გარდატეხა, მოჯადოებული წრის გარღვევა და საქმის კეთება. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა გვაწუხებს და უკეთ ვერავინ გადაჭრის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პრობლემებს. დავდგეთ ერთად და ავამუშაოთ წალენჯიხა!" - მიმართა ლევან ქარდავამ მოსახლეობას.
ადგილობრივებმა დეპუტატს სოფელში არსებული პრობლემები გააცნეს. ლევან ქარდავასთან შესახვედრად 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული კობა ხარჩილავას ოჯახის წევრებიც მივიდნენ. ცნობილი გახდა, რომ ლეხარჩილეს უბნის მაცხოვრებლებმა, არაერთხელ სთხოვეს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ კობას წყაროსთან მოსაცდელი გაეკეთებინათ, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.
დაღუპული მეომრის თანასოფლელებმა იგივე თხოვნით, მოკრძალებულად, დღეს ლევან ქარდავასაც მიმართეს, რომელიც მათ სურვილის ასრულებას უახლოეს ხანში შეპირდა. მოსახლეობის განცხადებით, მათ სჯერათ, რომ დეპუტატი დანაპირებს შეასრულებს, რადგან არაერთხელ უგრძვნიათ მისი მხარდაჭერა და როგორც ამბობენ, ლევან ქარდავასთვის არც ქველმოქმედებაა უცხო.
ლეხარჩილელებმა თანასოფლელის. ბექა კვარაცხელიას მაგალითი მოიყვანეს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარატეში ვერცხლის პრიზიორი გახდა. მისი ფიზიკური მომზადება და ჩემპიონატზე გამგზავრება სწორედ ლევან ქარდავამ დააფინანსა, რისთვისაც მან კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა მიიღო გამარჯვებულის ოჯახის წევრებისგან და მეზობლებისგან.
"ბექამ იტალიაში მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, თბილისის ორგზის ჩემპიონია. რომ არა ჩვენი დეპუტატი, ლევან ქარდავა, რომელიც მხარში დაუდგა მას და დაეხმარა, ბექა დღესაც ლეხარჩილეში იქნებოდა და მსოფლიო მას ვერ გაიცნობდა". - განაცხადა სპორტსმენის ბებიამ, გოგო კვარაცხელიამ.
შეხვედრის დასასრულს, ლეხარჩილელებმა ქართულ ტრადიციას არ უღალატეს და სტუმრები კობა ხარჩილავას წყაროსთან სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟეს. კიდევ ერთხელ შეისვა საქართველოს სადღეგძელო და ქართველი გმირების შესანდობარი.