
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩევლად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა.
უკრაინის არჩევნების შედეგებისა და მოსკოვთან დიალოგის შესახებ კითხვა ლავროვს სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
"ჩვენ ვადევნებთ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. დაშინებების გამო ბევრი იძულებული გახდა, კანდიდატურა მოეხსნა.
ის, რომ ხმის მიცემის პროცედურა იყო ორგანიზებული უკრაინის ბევრ რეგიონში, მთლიანობაში, პოზიტიურად შეიძლება იყოს შეფასებული. როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის ნებას. მთავარია, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავად სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს და უზრუნველყონ კომპრომისული შეთანხმებები.
მივაქციეთ ყურადღება პოროშენკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი პირველი ვიზიტი დონბასში შედგება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთობების ნორმალიზებას კიევის ხელისუფლებასა და უკრაინის რეგიონებს შორის", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მან ასევე მოისმინა პოროშენკოს განცხადებები რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის შესახებ.
"როგორც არაერთხელ უთქვამს პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის კიევის ხელისუფლებასა და პოროშენკოსთან. თუმცა მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ მისი გაცხადებული მზაობა დიალოგისთვის განპირობებული იყოს რაღაც დათქმებით, რაც გაჟღერებულ იქნა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ.
შუამავლები ჩვენ არ გვჭირდება. მე მივაქციე ყურადღება კლიჩკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოროშენკოს გუნდის ფორმირების პროცესში, განიხილება მასში სააკაშვილის ჩართვის საკითხი. მისი შუამავლობა ჩვენსა და უკრაინას შორის, ნამდვილად არ არის საჭირო", - განაცხადა ლავროვმა.