
ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ–მინისტრი მოაწერს, როგორც სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე იმსჯელა:
,,საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისათვის, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას შესაბამისი გადაწყვეტილება ექნებოდა მიღებული მოლაპარაკების გამართვის თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ის მოკლებულია შესაძლებლობას მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას.
რაც შეეხება ხელმოწერის პროცედურას, პრეზიდენტის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, ხელმოწერა ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის (თანახელმოწერის) გარეშე, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან მსგავსი სახის ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენს ხელმოწერის მომენტიდან.
ამასთან, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ წარმართა მოლაპარაკებების პროცესი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ასევე მთავრობაა პასუხისმგებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შერულებაზე."- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, თუმცა მისი თქმით, მთავარია ხელმოწერა და არა ის, თუ ვინ მოაწერს ხელს.