
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მიზეზი 7 მაისს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა გახდა.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ. აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ, შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.