
რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე არეულობა ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტიდან იღებს სათავეს. მისი თქმით, „სააკაშვილი ნატოს დაპირებებით იყო მოტივირებული, როცა სამხრეთ ოსეთში შეიჭრა“.
ამის შესახებ ლავროვმა „ბლუმბერგთან“ საუბარში განაცხადა და დაამატა, რომ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას ნატოში „რუსეთი არ მიიღებს“:
„უკრაინაში მიმდინარე არეულობა ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში ბუქარესტში, ნატო–ს სამიტზე დაითესა, როდესაც ალიანსის ლიდერებმა დეკლარაციაში განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსს შეუერთებოდნენ.
საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ ეს განცხადება მას აძლევდა ლიცენზიას, მოეგვარებინა კონფლიქტები ძალისმიერი მეთოდებით და დაიწყო სამხრეთ ოსეთში შეჭრა.
რა თქმა უნდა, სააკაშვილი მოტივირებული იყო ნატო–ს დაპირებით. საქართველოს ან უკრაინის ნატო–ს ნაწილად ქცევა - ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ არ მიიღებს. მცდელობა, უკრაინა შეიყვანონ ნატო–ში, ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის იქნება ნეგატიური და ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამის“, – ამბობს პირველი რუსი დიპლომატი.