
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები იმ დროს იწყებენ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის 9 წლიან პერიოდზე საუბარს, როდესაც მათ კითხვებზე პასუხი არა აქვთ.
ბობოხიძემ თავის გამოსვლაში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის პრემიერი აღარ არის.
„სადაც შეცდომა არ გაქვთ, იქ მშვენივრად ისმენთ შენიშვნებს. 9 წელზე ლაპარაკი იწყება მაშინ, როდესაც არა გაქვთ პასუხი. თქვენ გყავთ ორღობის პრემიერი. მე არ ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის აღარ არის პრემიერი. ყველაფერზე ლაპარაკს იწყებს ივანიშვილით. იმედი მქონდა, რომ ეს ახალგაზრდა ქიზიყელი კაცი გაუძღვებოდა ქვეყანას.
ეს კადრები ბიძინა ივანიშვილს სჭირდება თქვენთვის. ჩვენ არც საწოლში და არც საწოლს გარეთ გადაღებული კადრების გვეშინია. არ მინდა იმ ჭორების დავიჯერო, რაც ამ კადრებზე თქვენი უმრავლესობის წევრებისგან ისმის. ამოიღეთ თქვენი ოპოზიციის ტექსტები როგორ ითხოვდით დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნას და როგორ ვითხოვთ ჩვენ.
დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს ასპარეზიდან, ხვალ თქვენ აღარ იარსებებთ. ჩვენ ხშირად გვეძახიან ცოცხების პარტიას. ჩვენ ვარდების პარტია ვართ. ცოცხებმა თქვენი პარტია მოიყვანა,“ - განაცხადა ბობოხიძემ.
news.ge