
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან თითქოსდა აღიარების მოპოვებაზე შსს მუშაობს, რათა წარმოაჩინოს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მართლაც, უსმენენ მოქმედი თანამდებობის პირებს.
ამის შესახებ ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. "ნაცმოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეეშვას სპექტაკლების დადგმას და რეალურად არსებული პრობლემების გადაჭრით დაკავდეს, ხოლო შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციაზე:
"ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდულის შენობაში შედგა საიდუმლო თათბირი, სადაც, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაიგეგმა მორიგი სპექტალის გათამაშება, კერძოდ, ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია იმისა, თითქოსდა ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია.
ამ მიზნით, უკვე შერჩეულია ძველი, ჩამოწერილი მოსასმენი აპარატურა. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ყოფილ თანამშრომლებთან, რათა რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე აიღოს და ყალბი ჩვენებით „დაადასტუროს“ მთავრობის მიერ შემოთავაზეუბლი თავზეხელაღებული ვერსია.
ცხადია მსგავსი იაფფასიანი სპექტაკლი ვერ გადაფარავს არაერთგზის გამოაშკარავებულ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებენ, იმას რომ დღევანდელი მთავრობა აწარმოებს ტოტალურ მიყურადებას და უსმენს თავისსავე მინისტრებს. გვსურს მოვუწოდოთ მთავრობას ხელი აიღოს ამ სპექტაკლის დადგმაზე, და ნუ ჩაიგდებს თავს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში.
ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომელთაც აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ამ უკანონობაში, გამოიჩინონ სიმტკიცე და არ შეასრულონ უკანონო მითითებები, რადგან ამ უკანონობის ყველა მონაწილე პასუხს კანონის წინაშე აგებს", - ნათქვამია განცხადებაში.