დოდონა კიზირია: „შემეკამათეთ, მე ხომ ამ სტატიაში „ეშმაკის დამცველის“ როლს ვთამაშობ“

Image

"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს პროფესორ დოდონა კიზირიას ანალიტიკურ სტატიას, სადაც ის თანამედროვე მსოფლიოში რუსეთთან მიმართებაში არსებულ დამოკიდებულებებს, ძირითადად, აშშ-ის მაგალითზე განიხილავს და სვამს კითხვას: უნდა დაგვიცვას თუ არა დასავლეთმა რუსეთისგან და როგორ?

 

 

დოდონა კიზირია

 

„არის ინგლისური გამოთქმა to play Devil’s advocate, ანუ ითამაშო ეშმაკის დამცველის როლი. ამ გამოთქმის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი იწყებს რაიმე აზრის განვითარებას, რაიმე პოზიციის დაცვას, რაღაც დებულების მტკიცებას, რომლისაც ან არ სჯერა, ან არ უნდა დაიჯეროს, ან არ არის ამაში დარწმუნებული და სურს მოისმინოს მოწინააღმდეგის აზრი, რათა თვითონვე გაერკვეს თავის პოზიციაში, მოისმინოს ის არგუმენტები, რომლებიც მის მიერ ეშმაკის დასაცავად მოტანილ დასაბუთებებს გააბათილებს.

 

აი, ქვემოთ ვიწყებ ამგვარ მსჯელობას თავისი პრეამბულით.

 

დღეს შევხვდი ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემსავით პენსიაზეა გასული და ერთი თვეა არ მენახა. დავარქვათ მას ჯიმი. წავედით მე და ჯიმი ბარში და ყავის წრუპვაში კარგა ხანი ვისაუბრეთ. ისიც და მეც გასული საუკუნის 60-იანელები ვართ, მხოლოდ ის ამერიკელი, მე კი საბჭოთა სამოციანელი.

 

ეს ნიშნავს, რომ ამ წლებში ჩამოყალიბდა ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება და ფასეულობები. არ ვიცი, რამდენია ჩემს ფბ მეგობართა შორის იმ ასაკის, ვისაც ამ წლების განსაკუთრებულობა ეხსომება. ამ პერიოდის უნიკალური ატმოსფეროს აღწერა ძალიან შორს წამიყვანდა და ამიტომ მხოლოდ ერთ საინტერესო პარადოქსს ავღნიშნავ.

 

თუ ჩვენ, ასე ვთქვათ, საბჭოთა დისიდენტები ვუყურებდით ამერიკას, როგორც მსოფლიოში დემოკრატიული და ჰუმანისტური ფასეულობების ლიდერს, ახალგაზრდა ამერიკელი მეამბოხეების ძალიან დიდი პროცენტი საბჭოთა კავშირში ხედავდა თავისუფლების, სამართლიანობისა და თანასწორობის ეტალონს. ამის ახსნა განმარტება და დაზუსტებაც გრძელი საუბრის თემაა.

 

აქ ეს ფაქტი მხოლოდ იმიტომ მოვიტანე, რომ ეს ჩემი კოლეგა მრავალ საკითხში იმავე პოზიციებზე დგას, როგორც იმ მღელვარე და რომანტიულ ხანაში იდგა. მას სწამს სოციალიზმის, მაგრამ არა მისი რუსული ვარიანტის, უპირატესობით კაპიტალისტურ წყობაზე.

 

სჯერა, რომ მთავრობა ვალდებულია გააკონტროლოს სიმდიდრის სამართლიანად გადანაწილება, იზრუნოს მოსახლეობის ადექვატურ სოციალურ დაცვაზე და ასე შემდეგ. ამგვარად მას ძალიან მოსწონს პრეზიდენტ ობამას როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა.

 

ჩვენი საუბარი სრულიად ბუნებრივად გადავიდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საკითხზე და საქართველოსთვის არსებულ საშიშროებაზე. მე ვკითხე, რას ფიქრობდა მთელ ამ სიტუაციაზე და დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის რეაქციაზე ამასთან დაკავშირებით. მისი აზრი იყო დაახლოებით ასეთი:

 

ობამა აბსოლუტურად სწორია. მისი გადაწყვეტილება აირჩიოს მოლაპარაკების და არა კონფრონტაციის გზა ყველაზე საუკეთესოა. ამერიკის სახელმწიფოს ვალი 17 ტრილიონზე მეტია, მაშინ როდესაც შემოსავალი მხოლოდ 3 ტრილიონამდე ადის. ჩვენ სულ ახლახან გადავიტანეთ ათწლიანი ომი ავღანეთსა და ერაყში და დღესაც ჩაბმული ვართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებებში.

 

უკანასკელ ომებში ამერიკამ დაკარგა 35 ათასი სამხედრო პირი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები. ჩვენ გვყავს ჯერ ვიეტნამის ომიდან მოყოლებული და ერაყით დამტავრებული, ასობით ათასი დასახიჩრებული ვეტერანი - უფეხო, უხელო, დაბრმავებული, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები, რომელთა სამედიცინო მომსახურების დიდი პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.

 

რა უფლება გვაქვს ჩვენ, მოქალაქეებს, ჩვენი საბიუჯეტო ბეგარის გადამხდელებს დავაკისროთ, იტვირთონ კიდევ ახალი სამხედრო ხარჯების სიმძიმე, რატომ უნდა სწირავდნენ ამერიკელი ახალგაზრდები თავიანთ სიცოცხლეს სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის დასაცავად.

 

სანქციები ყველაზე საუკეთესო მეთოდია ამ პრობლემის გადასაჭრელად. ამ კამათის დროს ჯიმი მხოლოდ ერთ რამეში დამეთანხმა, რომ მართლაც ეს სანქციები უნდა გამკაცრდეს, რათა უფრო მეტი შედეგი ჰქონდეს.

 

ეხლა მე გავაგრძელებ მისი არგუმენტების მიმარულებას. უკვე ყველასათვის სავსებით ცხადია, რომ დღევანდელი მსოფლიოს, - რელიგიური ფანატაკოსების გარდა, - მთავარი მამოძრავებელი მოტივი არის პრაგმატიზმი და ეკონომიკური მოგება, იქნება ეს პირად, კორპორაციულ თუ სახელმწიფო დონეზე.

 

იმისათვის, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, ერთსულოვნად დაუპირისპირდეს რუსეთს, იგი უნდა დათანხმდეს ძალზე მნიშვნელოვან ეკონომიურ დანაკარგზე. თანაც კარგა ხნის მანძილზე, სანამ შესძლებს სიტუაციის დაბალანსებას.

 

ეს ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას, სხვადასხვა საზოგადოებრივი პროგრამების შეკვეცას ან გაუქმებას, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. აქ მარტო კომფორტზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია სოციალური მოსახურებებისა და დახმარებების მნიშვნელოვან შეკვეცაზე.

 

ეს უკანასკნელი კი იმ შედეგს გამოიღებს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკოსების დიდი პროცენტი დაკარგავს თავის პოზიციას. შემდეგ არჩევნებში ხელისუფლებაში მოვლენ ისინი, ვინც ამომრჩეველს დაპირდება სიტუაციის გამოსწორებას, ანუ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას (ეს რამეს ხომ არ გაგონებთ?). მნიშვნელობა არა აქვს იმას, შესძლებენ ისინი დაპირების შესრულებას თუ არა (ეს მომენტიც უნდა გეცნობოდეთ.)

 

მეორე მხრივ, ჩვენი სურვილია, რომ დასავლეთი წავიდეს ყველა ამ გაჭირვებაზე. ამერიკამ კიდევ რამდენიმე ტრილიონით გაზარდოს თავისი ვალი, ამერიკელმა ოჯახმა ვერ შესძლოს სულ უფრო და უფრო ძვირი სამედიცინო დაზღვევის ყიდვა, შვილების უნივერსტეტში სწავლებისთვის საჭირო თანხის ნახევრის მაინც დაგროვება და დათანხმდეს მრავალგვარ სხვა შეზღუდვებზე იმისათვის, რომ დაიცვას უკრაინა და დაგვიცვას ჩვენ.

 

დაახლოებით ასეთივე სულგრძელობა უნდა გამოიჩინოს ევროპის ქვეყნების მოსახლეობამაც. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მათ ინტერესებშიც შედის, რუსეთი მათთვისაც საფრთხეა.

 

საქმე იმაშია, რომ დასავლეთის ცივილიზაციაში ჩამოყალიბებულ ადამიანს უჭირს წარმოიდგინოს ამგვარად ველური, ირაციონალური და საკუთარი ქვეყნისთვის დამღუპველი აგრესია, როგორსაც რუსეთი იჩენს. თანაც დამღუპველს სწორედ პრაგმატული მოსაზრებით. მათი რწმენით, რუსეთი ვერ შესძლებს კიდევ ნახევარი ევროპის - უკრაინის, ბალტიისპირეთის და შესაძლოა, პოლონეთის ხელში ჩაგდებას.

 

მაშ რა აზრი აქვს მასთან უკიდურესობამდე სიტუაციის გამწვავებას. ნუ, ჯანდაბას, წაიღოს ყირიმი, თუნდაც აღმოსავლეთ უკრაინა, მიაყოლოს მოლდოვა და საქართველო. ცუდია, მაგრამ გასაძლისია. სამაგიეროდ რუსეთიც ბედნიერი იქნება და ჩვენც.

 

დასავლეთს სულაც არ აძლევს ხელს რუსეთის დაშლა. ისევე, როგორც ხელს არ აძლევდა, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დაშლაც. ეს მე ამერიკელი პოლიტიკოსების უმაღლესი ფენების წარმომადგენლებთან ლაპარაკიდან გავიგე და გავისიგრძეგანე.

 

ესეც ცალკე თემაა და ამჯერად ამას არ გავყვები. მთავარია, რომ დასავლეთს სურდა სსრკ-ს დასუსტება, მისგან სამხედრო საფრთხის ანულირება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდოდა მასთან ეკონომიკური ურთიერთობა - რუსეთი ხომ უზარმაზარი ბაზარია დასავლეთის ნაწარმისთვის.

 

მითუმეტეს დღეს, როცა იგი თავისი უტვინო ეკონომიკური პოლიტიკით საკუთარ წარმოებას თითქმის არ ანვითარებს და უმთავრესად ნავთობის, გაზის და სხვა ნედლეულის გატანის ხარჯზე ცხოვრობს. ჩვენი ძველი ამხანაგები, მარქსი და ენგელსი სულაც არ ცდებოდნენ, როდესაც მათ ცნობილ მანიფესტში წერდნენ, რომ კაპიტალიზმი ცივ წყალში აყურყუმალებს ყოველგვარ რომანტიულ, კაცთმოყვარე და კეთილშობილი გზნებით შთაგონებულ იდეებს.

 

ეს ხომ საშინელებაა, იტყვით თქვენ. უპრინციპოა! არაჰუმანურია! კაცობრიობის უმაღლესი ფასეულობების დარღვევაა! მათი ვალია დაიცვან დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვა მთელს მსოფლიოში და ასე შემდეგ.

 

მაგრამ ასეთ განწყობას სჭირდება იდეოლოგიური და არა პრაგმატული მოტივირება, სჭირდება სწორედ კეთილშობილი გზნებით შთაგონებული პრინციპები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იდელოგიური დაპირისპირება მსოფლიოს სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროებს შორის გაქრა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად.

 

ფაქტობრივად, ამგვარმა დაპირისპირებამ უკვე 60-იანი წლებიდან დაიწყო შესუსტება და მალე სრულ ფიქციად გადაიქცა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული იდეოლოგიური რწმენით გამოწვეული მოვლენები იფეთქებდნენ ხოლმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და სატელიტებში.

 

ასე იყო, მაგალითად, საქართველოში ნაციონალური დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის დროს. მაგრამ ყველგან, კაპიტალისტურ რელსებზე გადასვლის პარალელურად ეს ცეცხლი და გზნება თანდათანობით ჩაქრა და დანაცრდა. ყველგან შეიქმნა დასავლეთის კაპიტალისტური თუ პოსტკაპიტალისტური პრობლემების მეტნაკლებად მსგავსი სიტუაციები აქედან გამომდინარე შედეგებით.

 

ცოტა ხნით გადავდოთ გვერდზე ჩვენი აღშფოთება დასავლეთის პრაგმატულობისა და უნიათობით და შევხედოთ ჩვენს თავს. რა მოტივით მისცა ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“, ანუ ფაქტობრივად, პირადად ბიძინა ივანაშვილს? რითი მოხიბლა მან ჩვენი ინტელიგენცია? ჩვენი სოფლები და ქალაქები?

 

იყო მისი არჩევანი რაიმე პატრიოტული, კეთილშობილი, მაღალი იდეებით შთაგონებული მოსაზრებები? კი, ბატონო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი შეცდომა დაუშვა, საკმარისი ყურადღება არ გამოიჩინა სოციალური პრობლემების მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ, სოციალურ ან ეკონომიკურ პროგრამას, ახალ, მათთვის უფრო მისაღებ გეზს ქვეყნის ცხოვრებაში?

 

რასაკვირველია არა, ვინაიდან მეოცნებეებს არავითარი ამდაგვარი არც ჰქონიათ. მათ მისცეს ხმა ერთადერთ ადამიანს, მხარი დაუჭირეს ამ ერთი ადამიანის მიერ უკვე არჩეულ პრეზიდენტს, პრემიერს და მთელ მთავრობას.

 

მერე და რა ჯადო ჰქონდა ამ ერთ ადამიანს - განსაკუთრებული ორატორული ნიჭი, დახვეწილი მსჯელობა, რაღაც პირადი ქარიზმა? ან ეგებ შთამბეჭდავი გარეგნობა, რაც, სხვათა შორის, არც თუ უმნიშვნელო დეტალია ამგვარ საკითხებში.

 

არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე. მას ჰქონდა ფული!

 

„მე გადავიხდი, მე ჩემს თავზე ავიღებ ხარჯებს, მე ავაშენებ, მე მოგიმატებთ ამას, გაგიიაფებთ იმას, თითოეულ სოფელს მიეცემა ხუთი მილონი...“

 

აი ეს იყო ის მაგნიტი, ის უხილავი ძალა, რომელმაც 41 შემოახაზინა ამომრჩევლთა სამოც პროცენტზე მეტს. ჰოდა თუ ასეა, რატომ უნდა გვეგონოს, რომ დასავლელ ამომრჩევლებზე ამგვარი დაპირებები ნაკლებად მოქმედებს? რა უფლებით უნდა მოვთხოვოთ ეს მათ?

 

კიდევ უფრო დასაფიქრებელი საკითხია, ვიმსახურებთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებას და მით უმეტეს MAP-ს? ჩვენი მთავრობა არავითარ რეაქციას არ ახდენს, საერთაშორისო არენაზე განგაშს არ სტეხს ჩვენს მიმართ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებზე.

 

მათ შორის, ისეთ თავხედურ აქციებს, როგორიცაა ჩვენი მიწების ყოველდღიური მითვისება და უხვად რუსული პასპორტების გაცემა, რაც რუსეთს საბაბს აძლევს სამხედრო ძალით შემოვიდეს მათი მოქალაქეების „დაცვის“ მიზეზით, როგორც ეს ყირიმში გააკეთა.

 

მათ ხომ ასეთი კანონი უკვე მიღებული აქვთ. უფრო მეტიც, მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც არ უჭერს მხარს. მიუხედავად დასავლეთი გაფრთხილებისა, იგი კი არ ანელებს, არამედ უფრო აფართოვებს არჩევით „სამართლიანობას.“

 

საქართველოში სულ უფრო ხშირია პრორუსული აქციები, დემონსტრაცია იქნება ეს, სპეციალური შეხვედრები, დროშების ფრიალი თუ სატელევიზიო გამოსვლები.

 

მე ვერ ვიტყვი დანამდვილებით, მთელი მოსახლეობის რა პროცენტი დაუჭერს მხარს რუსეთთან გაერთიანებას, მაგრამ ვშიშობ, საკმაოდ დიდი. თუ ეს პროცესები გაძლიერდება, ხოლო ივნისში საქართველოს მთავრობა იანუკოვიჩის მაგალითს მიჰბაძავს, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს დასავლეთს, ჩვენ დაგვიცვას?

 

მთავრობას რუსეთი უნდა, მოსახლეობას რუსეთი უნდა, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ისეთია, რაც ევროკავშირში და მით უმეტეს ნატოში მისაღებ მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება.

 

ვინ სად მიგვიღებს? მაიდანს მოვაწყობთ? მთავრობა იმ წამსვე მიმართავს რუსეთს დახმარებისთვის და იმათ მეტიც არ უნდათ - რუსული ტანკების გრიხინი ატყდება რუსთაველზე.

 

მეგობრებო, შემომეპასუხეთ, შემეკამათეთ, საწინააღმდეგო რამ დამიმტკიცეთ, ძალიან გთხოვთ. მხოლოდ არა კომენტარებში, არამედ ცლკე სტატუსის სახით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს. უკუაგდეთ ჩემი არგუმენტები და დამისაბუთეთ, რომ ვცდები. მე ხომ ამ სტატიაში ეშმაკის დამცველის როლს ვთამაშობ..“

 

დოდონა კიზირია

 

რედაქციისგან: „აფხაზეთის ხმა“ სიამოვნებით გამოაქვეყნებს კომპეტენტურ, ლოგიკურად დასაბუთებულ გამოხმაურებას ქალბატონი დოდონას ამ წერილზე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !