
მურად წურწუმიას საქმის გამოძიების ფარგლებში, ექსპერტმა, ოჯახის თანდასწრებით, გარდაცვლილის გვამი ხელმეორედ დაათვალიერა. პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გარდაცვლილის არცერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება.
“დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს. ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“,-განაცხადა პროკურორმა.
2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო.
ექსპერტიზის საბოლოო შედეგები დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.