
საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, - ამის შესახებ სალომე
ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის, მათ შორის მკვლელობის, რეციდივის, ოჯახური ძალადობის, ბავშვზე ძალადობის, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღების მიმართ, უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით - შერბილებული. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა: შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე, იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულია შეწყალების აქტი, რომელიც ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით,სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას გულისხმობს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნება, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთ დანაშაულში მსჯარდებული პირის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელწიფოს მომავალს.
ჩემი, როგორც პირადი, ასევე როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როდესაც საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ჩემი პასუხი ასეთია: შეწყალება სინოდის წიაღში და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. ამ განსხვავების დამადასტურებელი მაგალითები მსოფლიოშიც მრავლად არსებობს. რომის პაპმა, იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსმხელს დანაშაული სულ რამდენიმე თვეში აპატია, თუმცა ის ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით მხოლოდ 19 წლის შემდეგ გათავისუფლდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.