
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი ბიუროს სხდომიდან გააძევა.
თალაკვაძის განცხადებით მათი საქციელები არაცივილური იყო და არ შეესაბამებოდა არანაირ სტანდარტებს.
როგორც პარლმაენტის თავმჯდომარემ განმარტა, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაშია და მათ ყოველთვის დაემუქრებათ გაძევების საფრთხე, თუ ასე მოქცევას განაგრძობენ.
„ეს ის ხალხია, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება პატიმრების უფლებებზე საუბრის არ გააჩნიათ. ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილი ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ადამიანები წელიწადში 340 -ზე მეტი ადამიანის საპატიმროებში გარდაცვალებას ხვდებოდნენ დუმილით.
დღეს მოდიან და აქ ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე. პატიმრების მონახულების და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. დღეს ეს არის ჩემი უფლებამოსილება, რომ მივცე ან არ მივცე დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.
იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, თანაპარტიელებთან ერთად აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას. გაუგებარია, თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, ბოქლომს ადებენ კარს, აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ პარალელურად ითხოვენ საპარლამენტო პრივილეგიების და უფლებამოსილების გამოყენებას. ასე ნაწილ-ნაწილ ბოიკოტი ამ პარლამენტს არ გაუგია აქამდე. ან აცხადებ, ან არ აცხადებ, დროა ჩამოყალიბდეთ მეგობრებო. ოპოზიციას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ. პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“ - აცხადებს თალაკვაძე