
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი აშენებენ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა ავტორიტარულ მმართველობას.
მისი თქმით საქართველოს მთავრობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო, თუმცა ამაში ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუშალა.
„2017 წელს, მოგეხსენებათ, რომ ისევ მათი დესტრუქციული ბუნებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მთავარმა დესტრუქციულმა ძალამ არ მოისურვა თანამშრომლობა მმართველი პარტიის კეთილ ნებასთან და მათ გაცხადებულ შემოთავაზებასთან, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა კონსტიტუციურ ცვლილებებში და მხარი დაეჭირათ ჩვენთვის ჯერ კიდევ 2017 წელს. ეს მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით 2020 წელს. როგორც განვითარდა მოვლენები ივნისის თვეში ჩვენ ყველამ ვნახეთ, ეს იყო კეთილი ნების გამოხატულება და ეს იყო იდეა და სურვილი პარტიის თავმჯდომარის, რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე არა 2024, არამედ 2020 წელს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გაუთავებელი შეურაცხყოფებისა და მართლაც ზღვარგადასული უკულტურობისა და ყოველგვარი ჩარჩოებს გაცდენილი ქმედებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი მაჟორიტარების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია ამ ყველაფერმა ერთად, ამას დაემატა ისიც, რომ ისინი ობიექტურად მხარს არ უჭერდნენ ამ ინიციატივის განხორციელებას 2020 წელს და ეს ინიციატივა უბრალოდ არ გავიდა“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.