
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მომავალ წელს კი საქართველო აშშ-სგან თავდაცვის სფეროში რეკორდულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
„რთული პოლიტიკური პროცესია დღეს საქართველოში, თუმცა მე მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს. ზოგადად, რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა რეგიონში და ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის სტარტეგიული ურთიერთობა აშშ-სთან არის მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს საზოგადოებას შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო.
რამდენიმე დღის წინ პენტაგონში ხელი მოეწერა უსაფრთხოების საკითხებში ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნასა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. აღნიშნული ხელშეკრულება გამოხატავს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიერ გამოცხადებული განვითარების კურსის მიმართ. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების ხარისხის ამაღლებას.
მომავალ წელს საქართველო აშშ-სგან მიიღებს რეკორდულ ფინანსურ დახმარებას თავდაცვის სფეროში, რაც არის ძალიან მნიშნელოვანი. ეს არის ჩვენი მოკავშირეობა, რაც გამოიხატება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ხშირად გვესმის ჩვენი ოპონენტებისგან, თითქოს საქართველო გაქრა საერთაშორისო ორბიტიდან და თითქოს ნატო-ში გაწევრიანებას საფრთხე ემუქრება, რაც არის მიზანმიმართული სიცრუე. ჩვენი ქვეყანა მყრად დგას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა