
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა.
როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, რომელიც ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც შეითავსებს.
მიმდინარე სასესიო კვირაში კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან სხვა საპარლამენტო თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. კერძოდ, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა. ვიცე-სპიკერების პოსტს დაიკავებენ, ასევე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ირაკლი ბერაია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - გენადი მარგველაშვილი, ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - გურამ მაჭარაშვილი.
არსებული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან 12 დეპუტატის გადადგომამ გამოიწვია, რაც 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.