
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით მოსახლეობაში მაჟორიტარული სისტემაა მოთხოვნადი.
როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა იგი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ მიდის. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობა პარტიის ლიდერთან დაპირისპირებას არ ნიშნავს.
„ჩვენი სტრატეგიაა, რომ მოსახლეობაში არა მხოლოდ იმისათვის გავიდეთ, რომ ხმათა რაოდენობა, ანუ 200 ათასი ხმა მოვაგროვოთ, არამედ მაქსიმალურად მოვახდინოთ ინფორმირება. მოსახლეობაში, ჩემი აზრით, ისედაც მოთხოვნადია, რომ მაჟორიტარულ სიატემაზე იყოს ქვეყანა გადასული და თითოეულ რეგიონს ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი, ანუ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, რომ პირდაპირ აირჩიოს ესა თუ ის კანდიდატი.
კანონპროექტის დამუხრუჭებისას იყო საუბარი, თითქოს ეს იყო შეთანხმებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო შეთანხმების საფუძველი. გვქონდა სამი რაუნდი შეხვედრების უმრავლესობის ფორმატში. ბატონ ბიძინასთანაც მქონდა პირადად შეხვედრა. ამ საკითხზე ვერ შევთანხმდით და საბოლოოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო ღია კენჭისყრა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მე, როგორც ლიდერის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ მივდივარ, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი აზრთა თანხვედრა ვერ მოხდა. ჩვენ არც გუნდური წესები არ დაგვირღვევია.“ - განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა