
„დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო AFP წერს.
ამასთან ერთად, სააგენტოს წყაროს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთთან კოორდინირების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.
ეს საკითხი, სავარაუდოდ, 24 აგვისტოს, არაფორმალურ ვახშამზე უნდა განხილულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე პუტინის მოწვევას არ გამორიცხავდა.
საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.