
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გადადგომიდან პირველივე დღეს საქართველოს პრემიერმინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აკრიტიკებს. ხიდაშელმა "შეცდომა" და "ცუდი ტენდენცია" უწოდა ლევან იზორიას დანიშვნას, ხოლო მოგვიანებით, "ფეისბუქზე", ზვიად კვაჭანტირაძესთან პოლემიკაში "ქართული ოცნების" მისამართით აღნიშნა, რომ ერთიანობა ერთპარტიულობას არ ნიშნავს.
“მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერმინისტრი. თავდაცვის სამინსიტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.
რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად. ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია - სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
„საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით დაძლევის მოწოდება ბოლშევიზმი არაა. მინისტრობიდან ოპოზიციაში გადასვლას თუ ეიფორიული განცდა მოსდევს, არ უნდა გაგვიკვირდეს არავის, მაგრამ ემოციებს უნდა გაუმკლავდე და კონსტრუქციული ოპონირება უნდა შეძლო იმ ხელისუფლების, რომლის წევრიც სულ რამდენიმე საათია, რაც აღარ ხარ.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ადამიანური ეთიკის საკითხია და ამის გააზრება არაა რთული ამბავი,“ – ეს პოსტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში„ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭატირაძემ გამაქვეყნა, რასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის პასუხი მყისიერად მოჰყვა.
„ჩემი საყვარელო ზვიად,“ – ასე დაიწყო ხიდაშელმა პასუხი და პოლიტიკურ უკულტურობაში „ოცნება“ იქით დაადანაშაულა: „პოლიტკური უკულტურობა ის იყო, შენი თანაპარტიელები მინისტერიალზე მყოფ თავდაცვის მინისტრს შეურაცყოფას რომ აყენებდნენ. გამოწვევების ერთიანად დაძლევა კი, ერთიანობას ნიშნავს და არა – ერთპარტიულობას. ასეა ეს და მაინცდამაინც პოლიტიკურ კულტურაზე თავს ნუ გამოიდებთ, თორემ მეჭიაურის ხატის მფარველობა აღარ გეყოფათ!“
ხიდაშელის გამოხმაურება უპასუხოდ არც კვაჭანტირძემ დატოვა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ასე მიმართა:
„ჩემო საყვარელო თინიკო, კარგია, რომ სწორად გამიგე. ერთი დღე მაინც უნდა მოგეცადა, მე ასე ვფიქრობ, თორემ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დიდი ხანია, 1 აგვისტოს ელოდებოდი.“