
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გამოჩენილი რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი გახდა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ჟურნალისტმა დაინახა, როგორ ამოწმებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ მიერ გაჩერებული მანქანების მძღოლთა საბუთებს. შსს აცხადებს, რომ მანქანებს სამხედრო დანიშნულება არა აქვთ და მას კერძო პირები ჰყიდიან და ყიდულობენ, რადგან ჩამოწერილია. მანქანები მოძრაობენ სატრანზიტო ნიშნებით.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო მანქანები თბილისში და საქართველოს რეგიონებში 2015 წლის თებერვალშიც გამოჩნდნენ. მაშინ გაირკვა, რომ ამიერკავკასიაში მდებარე რუსული ბაზებიდან კერძო პირები იაფად ყიდულობენ ჩამოწერილ სამხედრო სატვირთო მანქანებს და საქართველოში უფრო ძვირად ჰყიდიან. ოფიციალური განმარტებით, მანქანები სამთო სამუშაოებისთვისაა გამოსადეგი, ხე-ტყის გადაზიდვის, ბუქსირის და სხვა დანიშნულებით.