-
2016-04-03 13:26
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ადმიანისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, გამოხატავს რა პოზიციას სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტთან დაკავშირებით მთიან ყარაბაღში, წერს, რომ დღეს კონფლიქტი ხელს არ აძლევს არცერთ მხარეს და რომ ის, რაც ხდება, ძალიან ჰგავს ვლადიმირ პუტინის ხელწერას და მის პროვოკაციას თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ:
„...ამასთან, მოსკოვი მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის დიდი ხანია, ემზადება. ის ინტენსიურად აიარაღებდა ორივე მხარეს, ბოლო წლებში კი სასწრაფო წესით დაიწყო წმინდა სამხედრო დანიშნულების გზის გაყვანა დაღესტნიდან საქართველოსკენ, რომელიც, ამავდროულად, აზერბაიჯანში შეჭრისთვის უმოკლესი გზაა.
ამ კონფლიქტის პროვოცირებით რუსეთი ცდილობს, ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მიაღწიოს:
პოულობს საბაბს იმ ტერიტორიაზე შეჭრისა და მითვისებისთვის, სადაც გადის აზერბაიჯანის ნავთობსადენი და გაზსადენი მილები (საკმარისია გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიას ურტყამდნენ რუსული რაკეტები 2008 წელს ისევე, როგორც აწყობდნენ საბოტაჟს თურქეთის ტერიტორიაზე). ამ გზით ევროპას ხელიდან ეცლება ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ილჰამ ალიევის ხელისუფლება, რომელიც მუდამ ატარებდა დამოუკიდებელ კურსს, შესაძლოა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ზღურბლზე, რომელზეც, დღეის მონაცემებით, პრორუსი ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალია, საქართველო აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, ხოლო თურქეთი, ვისი დასჯაც პუტინმა ფიცით დაამოწმა, იძულებით ჩაერთვება ორ ფრონტზე ომში.
ამ სიტუაციაში ყველა ლიდერს უკიდურესი სიფრთხილე და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავშეკავება მართებს, რაც, როგორც მე ვიცი, ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია.
როგორც ყოველთვის, ჩვენ საქმე გვაქვს სცენართან, როცა პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადება, ხოლო დასავლეთი ხელფეხშეკრულია. და მაინც, ჩვენ უნდა დაველოდოთ მომენტს არცთუ შორეულ მომავალში, როცა პუტინი გარდაუვლად დასუსტდება და ყველა რეგიონალური კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკების შესაძლებლობა გაჩნდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.