
ოდესაში გვიან ღამით დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა, ოლქის პროკურატურის შესასვლელი საბურავებით ჩახერგა და მიმდებარედ კარვები დასცა.
უკრაინული მედიის ნაწილი უკვე წერს, რომ ოდესაში მაიდანი დაიწყო. როგორც პროკურატურასთან შეკრებილი ოდესელები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ დავით საყვარელიძეს და არ დაუშვებენ, რომ ოდესის პროკურატურაში ნიკოლოზ სტოიანოვი შევიდეს.
ამჟამად პროკურატურის შესავლელი ჩახერგილია საბურავებით, ხოლო შესასვლელ კარებსა და კედლებზე გაკრულია პლაკატები. აქტივისტებს შორის ოლქის გუბერნატორის მოადგილე საშა ბოროვიკიც შენიშნეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყეს. მათი თქმით, ღამის საათებში დაცვის მხრიდან პროვოკაციის მცდელობა იყო, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
"დილიდან მეგობარი "დოცენტი" კითხულობს თავის ლექსებს, ბოროვიკი ტელეფონით გვიღებს, პოლიცია ტაშს გვიკრავს", - დაწერა "ფეისბუქზე" დიმიტრი ვიჩიკმა. მისი პოსტებიდან ირკვევა, რომ დილის 5 საათზე, როცა მან პირველად დაანონსა აქციის დაწყება, პროკურატურასთან შვიდი ადამიანი იყო მისული, ახლა კი მათი რიცხვი 30-ს აღწევს და ელოდებიან, რომ კიდევ გაიზრდება.
შეგახსენებთ, უკრაინის გენპროკურორმა შოკინმა მისი მოადგილე დავით საყვარელიძე გადააყენა "საპროკურორო ეთიკის დარღვევის" მოტივით. მოგვიანებით თავად შოკინის გადადგომას რადის დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. რაც შეეხება საყვარელიძეს, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო მას თანამდებობაზე აღდგენას დაჰპირდა. შეგახსენებთ ასევე, რომ გენპროკურორის მოადგილის პარალელურად, დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურორის თანამდებობასაც ითავსებდა.