
იმ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით, რაც ევროპის სახლხო პარტიის ლიდერის განცხადებას მოჰყვა, საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის 2016 წლის არჩევნებამდე შესაძლო გადადებაზე, პოლიტოლოგი გია ნოდია თავის მოსაზრებას გამოთქვამს და მათ არ ეთანხმება, ვისაც მიაჩნია, რომ თუ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი შეფერხდა ან გადაიდო, ამაში დამნაშავე ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება.
"სისულელეა იმაზე მარჩიელობა, ვის „გაუხარდება“ შენგენის ზონასთან ვიზა-ლიბერალიზაციის გადადება. მე პირადად ძალიან გამეხარდება, თუ ამ ზაფხულს ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდა. მაგრამ ვიღაცის ემოციებში ხელის ფათურს ჯობია, საქმის არსს შევხედოთ.
სიახლე არავისთვის არ უნდა იყოს, რომ ევროპელები ყოველგვარ „ჯილდოს“, რომელსაც გვაძლევენ თუ არ გვაძლევენ (ვიზა-ლიბერალიზაცია, ცხადია, ჯილდოა), უკავშირებენ ჩვენში დემოკრატიის განვითარებას. ამ გარემოებას, და დასავლეთში ნებისმიერ კავშირებს ოპოზიცია, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი, ყოველთვის იყენებდა, ჯერ კიდევ ზვიადის დროიდან.
ოპოზიცია და ენჯიოები ყოველთვის „ჩიოდნენ’ დასავლეთთან ჩვენთან დემოკრატიის დარღვევებზე, ხოლო მთავრობა ამისთვის ეროვნულ ღალატში ადანაშაულებდა, ამბობდა, რომ ვიღაცეები თავის ქვეყანას „ასმენენ“, მის წინააღმდეგ მუშაობენ, მავნებლობენ და ა. შ.
ოპოზიციის ეს ტაქტიკა არსებითად გამართლებულია (და გამართლებული იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს). ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები არასაკმარისად ძლიერები არიან საიმისოდ, რომ მთავრობის ავტორიტარული ინსტინქტები შებოჭონ, მაგრამ ყველა მთავრობა მეტ-ნაკლებად იძულებულია, დასავლეთს უსმინოს და ანგარიში გაუწიოს. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია (არ ვამბობ, რომ ერთადერთია), რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმს ბოლომდე არასოდეს გაუმარჯვია.
როდესაც ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა იყენებს ამგვარ ტაქტიკას, ამაში ახალი არაფერია. მაგრამ როდესაც დემოკრატობის პრეტენზიის მქონე ადამიანები ამაზე ღიზიანდებიან, ისინიც აღმოჩნდებიან იმავე დისკურსში, რომლის თანახმადაც ოპოზიცია და ზოგადად უკმაყოფილო ხალხი, ვინც ჩვენი პრობლემებისადმი დასავლეთის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, „ერის მოღალატეები“, ჩამშვებები და მავნებლები არიან. ამ დისკურსს ჩვენთვის სიკეთე არასოდეს მოუტანია.
და კიდევ ის აზრი, რომ EPP, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიული გაერთიანება (თუ არა ყველაზე ძლიერი), ნაციონელების დაკრულზე ცეკვავს და მღერის, აზრობრივი პრიმიტივიზმია, ამის განმეორება რაციონალური ადამიანებისთვის სირცხვილი უნდა იყოს. კი, ნაციონალებს, როგორც ადგილობრივ პარტნიორებს, გავლენა აქვთ, მაგრამ ეს გავლენა უსაზღვრო ვერ იქნება. არსებობს რეალური პრობლემები, რის გამოც EPP-ის შეიძლება ჰქონდეს ის პოზიცია, რაც აქვს, და მხოლოდ ნაციონალების სიძულვილის გამო ამ პრობლემების მიმართ სირაქლემას პოზიციაში არ უნდა დავდგეთ", - წერს გია ნოდია.