
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ 27 თებერვლის საღამოს ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემული კვირის მიმოხილვის თემები, რომელიც გიორგი ლებანიძემ მოამზადა, სიმწვავით გამოირჩეოდა.
რადიოსიუჟეტში გადმოცემული იყო მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების – პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, ბიზნესმენ გოგი თოფაძისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის დაპირისპირების მიზეზები.
როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, „ქართული ოცნება“, ალბათ, უფრო გოგი თოფაძეს გაემიჯნება, ვიდრე უარს იტყვის „რესპუბლიკელებთან“ ერთად ყოფნაზე. „რადგანაც მმართველი კოალიცია პროდასავლურ ფასეულობებს იზიარებს, „ოცნება“ მხარს „რესპუბლიკელებს“ დაუჭერს. კი, ერთიანობის შესანარჩუნებას შეეცდება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება და თოფაძის პარტია გაჯიუტდება, მაშინ კოალიციისათვის უიმისოდ ცხოვრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე რესპუბლიკელების გარეშე.
თავისთავად, ახალგაზრდა ქალსა და ხნიერ მამაკაცს შორის საჯარო დაპირისპირება საქართველოთვის უნიკალური ფაქტია, რაც ემოციების მაღალ ტემპერატურააზე მიუთითებს. არაა გამორიცხული, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვნად დაასუსტებს მმართველ კოალიციას, თანაც საპარლამენტო არჩევნების წინ."
RFI – Radio France Iternationale