-
2016-03-01 03:29
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს სიის პირველი ნომერი ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება, ხოლო ანი ნადარეიშვილი კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად სამეგრელოდან იყრის, არასწორია.
სანდრა რულოვსის სიაში შესაძლო შეყვანის შესახებ პირველად "პრაიმტაიმში" დაიწერა, დღეს კი ინფორმაცია ტვ "პირველმაც" გაავრცელა. ორივე მედიასაშუალება აღნიშნავდა, რომ სანდრა რულოვსი პარტიულ სიას ჩაუდგება სათავეში.
თავად სანდრა რულოვსს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, სიაში მისი სესაძლო შეყვანის ფაქტი უარყო პარტიის საერთაშორისო მდივანმა:
"ქალბატონ სანდრას უდიდეს პატივს ვცემ, ის გამორჩეული პიროვნებაა არა მხოლოდ და იმდენად როგორც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, არამედ როგორც თავისთავად სამაგალითო, აქტიური და გამორჩეული მოქალაქე, მაგრამ ინფორმაცია მისი პირველ ნომრად დასახელების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება ანი ნადარეიშვილს, მან თავად უარყო მის შესახებ არასწორად გავრცელებული ინფორმაცია და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ არჩევნებში კენჭისყრას არ გეგმავს და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად რჩება:
ჩემო საყვარელო მეგობრებო და თანამებრძოლებო, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ვთვლი რომ უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდანაც კი მეც, ისევე როგორც თქვენ, შემიძლია მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ ბრძოლაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის დამარცხებისთვის, ვიბრძოლოთ ევროპული და ერთიანი საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის!
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთი უბრალო რიგითი ჯარისკაცი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე თქვენთან ერთად!
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის ❤ ჩვენ ყველას წინ დიდი ბრძოლა გვაქვს, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!.."