
იუსტიციის სახლის წინ მდებარე, „რეჟიმის მსხვერპლთა მემორიაზე“, რომელზეც ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვისა და სხვა დაღუპულების სახელებია ამოტვიფრული, ზურაბ ვაზაგაშვილის მიერ მოკლულად დასახელებული ახალგაზრდების ფოტოები გააკრეს.
უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ფოტოების გაკვრით პროტესტის გამოხატვა ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს. მოკლული ბექა პაპუაშვილისა და გიორგი გაბუნიას ფოტოებთან ერთად, მემორიალზე იური ვაზაგაშვილის გამოსახულებიანი ფოტოპლაკატიცაა, სადაც აღწერილია მისი ბიოგრაფიის კრიმინალთან დაკავშირებული ეპიზოდი.
შეგახსენებთ, იუსტიციის სახლის წინ „რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის“ მემორიალი ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ცოტა ხანში იუსტიციის მინისტრმა გახსნა, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი თავიდანვე აპროტესტებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის შერაცხვა რეჟიმის მსხვერპლად არასწორი იყო, იქედან გამომდინარე, რომ ისინი კრიმინალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ და პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2014 წლის სექტემბერში, ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილში ეს მემორიალი მოიხსენია, როგორც „სახელმწიფოზე კრიმინალის გამარჯვების სიმბოლო“.
მისი გახსნის შემდეგ უცნობმა პირებმა მემორიალი არაერთხელ შეღებეს წითელი საღებავით, რითაც მისი გახსნის მიმართ პროტესტი გამოხატეს.