-
2016-02-08 18:09
უკრაინის სახელმწიფო რადის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი პაშინსკიმ განაცხადა, რომ ყირიმში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ბევრი თანამშრომელი ნახევარკუნძულის ანექსიამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო.
ამის შესახებ ინტერფაქსი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, პაშინსკიმ ზემოთაღნიშნული განცხადება კომიტეტის სხდომაზე გააკეთა:
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა 90% ყირიმში ან ФСБ-ს აგენტები, ან ისინი იყვნენ, ვინც რუსეთს თანაუგრძნობდა“, - აღნიშნა მან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, ანექსიის მომენტისთვის ყირიმში 2.300 შტატიანი თანამშრომელი იყო, ხოლო ანექსიის შემდეგ უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 215 დაბრუნდა.
თავის მხრივ, სხდომაზე დამსწრე უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა, რომ 2014 წლის 26-27 თებერვლის მონაცემებით ყირიმში 20. 320 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იყო. აქედან ოფიციალური კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 6 ათასი დაბრუნდა.