-
2016-02-08 03:02
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს ნატოს წევრობისკენ სვლის პირველ ნაწილზე – პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე – წევრობის სამოქმედო გეგმაზე.
ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის, ამავე დროს, ამის გაკონტროლება შეუძლებელია.
"რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას.
მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP-ი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს.
თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია ჩემი აზრით უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი, MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია.
მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად", - თქვა ჯეიმს აპატურაიმ.