
ევროკავშირის მიერ 2015 წელს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, ნატო განიხილავს შესაძლებლობას, ალიანსის ფარგლებში შეიქმნას სპეცდეპარტამენტი, რომლის მიზანი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
ამის თაობაზე "როიტერი" იუწყება, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა ნატოს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტი. დოკუმენტში საუბარია რუსული პროპაგანდის, როგორც იარაღის წინააღმდეგ ორგანიზებულ დაპირისპირებაზე და ამისთვის სპეციალური დეპარტამენტის შექმნაზე.
უფრო ზუსტად, ნატო განიხილავს სამხედრო ტაქტიკის გამოყენებას ახალი საკომუნიკაციო ქვედანაყოფის მოქმედების ფარგლებში, რათა წინ აღუდგეს მოსკოვის "ინფორმაციულ იარაღს". სამხედრო ტაქტიკის გამოყენება დოკუმენტში იმითაა გამართლებული, რომ ეს აადვილებს მოწინააღმდეგის ძრახვების გაგებას და მათ გაშიფვრას, შემდეგ კი აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენას.
"როიტერის" თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ უნდა მოხდეს იმ ვიზუალური მასალებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა, რომელიც ნათელს ხდის ნატოს გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ასევე, მითითებულია, რომ უნდა გაიზარდოს აქტივობა სოციალურ ქსელებში.
ალიანსის ახალი საკომუნიკაციო პოლიტიკა, სავარაუდოდ, მოწონებული იქნება ვარშავის სამიტზე, რომელიც 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი.