
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჯერ არ განიხილება და არც უახლოეს მომავალში იგეგმება მისი განხილვა.”- ამ ციტატით იწყება რუსული გამოცემა Pravda.ru-ს სტატია.
სტატია საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხება. ზურაბ აბაშიძის დღევანდელი კომენტარი არაერთი რუსული გამოცემის მთავარ თემად იქცა.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება არ იგეგმება,” - ამის შესახებ კი სტატიას რუსული გამოცემა итар-тасс-ი აქვეყნებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეყრდნობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას.