-
2015-02-19 21:09
საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ აბაშიძის მიერ დილით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საგანგებო განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ გადაიხედება, აქვე პრეზიდენტი მოითხოვს, მკაფიოდ იქნეს განსაზღვრული აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი.
"საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა. ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად.
ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ. დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო მისაღები უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებითა და სტაბილურობით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო ცდილობს შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება, როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ვფიქრობთ, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა," - წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.