-
2015-02-19 12:15
„თავისუფალი დემოკრატები“ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ გააკეთოს განცხადება ნატოსკენ სწრაფვის კურსის მხარდასაჭერად. ისინი მოუწოდებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაემიჯნოს ზურაბ აბაშიძის განცხადებას, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს - არ მისცენ მთავრობას საშუალება, გადაუხვიოს ევროატლანტიკური კურსიდან.
ალექსი პეტრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთი განცხადება მით უფრო საგანგაშოა მაშინ, როცა წინაა ნატოს მინისტერიალი, ხოლო შემდეგ - ნატოს სამიტი.
მისივე თქმით, ის პაკეტი, რომელიც ბოლო სამიტზე საქართველომ მიიღო, სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურა განთავსებულიყო, ხოლო აბაშიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან.
„თავისუფალი დემოკრატები“ შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ზურაბ აბაშიძის ეს განცხადება დროში ემთხვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას და წინ უსწრებს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მომდევნო რაუნდს.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სახეზეა „ნატოში საქართველოს შეთრევის მცდელობა“, რის წინააღმდეგაც რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, ხოლო ზურაბ აბაშიძემ, გააკეთა რა კომენტარი ლავროვის განცხადებაზე, აღნიშნა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება არ იგეგმება, ხოლო ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღეს და ხვალ არ დგას დღის წესრიგში.