
„როგორც დაიშალა თურქ-სელჩუკთა იმპერია, ისევე დაიშლება რუსეთიც და მაგ დროისთვის საქართველო უნდა იყოს ფორმაში. ეგაა ჩვენი მიზანი და არა ის, რომ სკამები გადავინაწილოთ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, არ ეგონა, თუ შეკითხვა: „გვეშველება რამე?“ ისევ აქტუალური გახდებოდა:
„მე არ მეგონა, რომ ამ კითხვის მოსმენა: „გვეშველება რამე?“ კიდევ ერთხელ მომიწევდა. მე მეგონა, რომ ეს კითხვა, ისევე, როგორც ჩამქრალი შუქი თბილისში თუ ჩხოროწყუში და ორმოები გზებზე დარჩა წარსულში და დავივიწყეთ, მაგრამ ახლა ისევ ისმის ეს შეკითხვა: „გვეშველება რამე?“.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა:
„მე და ბიძინა ივანიშვილი ევოლუციური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ვდგავართ და მეტსაც გეტყვით: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ეს სუბიექტი. ის, რომ სხვადასხვა მეთოდებით რუსეთში ბევრი ფული იშოვა, ანთროპოლოგიას არ ცვლის... ამიტომაც, მე ეჭვი არ მეპარება, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს, რაც არ უნდა ჩაატაროს, გადამწყვეტ მომენტში საქართველოს საზოგადოებას ეყოფა ძალა, კონსოლიდირებულად იმოქმედოს“, - განაცხადა მან „არჩევანში“.