
დღეს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის 4 თებერვლისთვის დაგეგმილი გამოსვლა პარლამენტში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი.
უსუფაშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ გააკეთა.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებები პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიმართება.
რაც შეეხება გამოსვლის ფორმატსა და მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების შესაძლო გამართვას, დავით პატარაია აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის პრეროგატივაა.
„იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით არამხოლოდ თარიღზე, არამედ ფორმატზეც და, შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში შედგება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია,“ - აღნიშნა მან.