
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დღევანდელ სხდომაზე აპირებს გაარკვიოს, რა მიზეზით არ იმყოფებოდნენ უმრავლესობის და მათ შორის მისივე ფრაქციის წევრები გუშინ კენჭისყრაზე.
„ამობეჭდილი მაქვს სარეგისტრაციო მონაცემები. რა თქმა უნდა, გავარკვევთ სათითაოდ, რა მიზეზით არ იყვნენ დეპუტატები.
მე უფრო მაინტერესებს უმრავლესობის, მათ შორის ჩემი ფრაქციის წევრები, რა მიზეზით არ ბრძანდებოდნენ.
მეორე საკითხია უმცირესობა, რომელიც მთელი დღე იჯდა დარბაზში და კითხვას კითხვაზე სვამდა. მერე კი, რატომღაც, უარი თქვეს რეგისტრაციაზე,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ "უმრავლესობა უმცირესობის იმედზე ვერც იქნება".
საპარლამენტო უმრავლესობას არ ჰქონდა საჭირო ხმები. ასევე რეგისტრაცია არ გაიარა საპარლამენტო უმცირესობამ. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სპეციალურად მიიღეს, რადგან არ ეთანხმებოდნენ გუშინ განხილულ კანონპოექტებს, მათ შორის საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
„რუსთავი2“