
"მე პირობას გაძლევთ, რომ არცერთი მინისტრი აღარ შეიცვლება, შიდა გადაადგილება ამ ეტაპზე დავასრულეთ", - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, როცა ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
მისი თქმით, პარლამენტისგან მთავრობას ნდობის მიღება ხელახლა არ მოუწევს, რადგან მხოლოდ სამი მინისტრი შეიცვალა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, სასაცილო და არასერიოზული უწოდა ხმებს იმის შესახებ, რომ თანამდებობიდან პრემიერმინისტრის წასვლა ან გადაყენება იგეგმება: "როგორ გითხრათ, ეს იმდენად სასაცილოა, ვერც ვუპასუხებ... მე ვარ პრემიერმინისტრი, რომელიც არის მთავრობის მეთაური და რომელსაც ნიშნავს პარლამენტი. სერიოზულ დემოკრატიულ ქვეყნებში მარტივად არ ხდება პრემიერმინისტრის გადაყენება და ასე შემდეგ...", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაკვირვება გამოთქვა იმის შესახებაც, რომ საკადრო ცვლილებებმა ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია: "მე არ ვყოფ ადამიანებს ჩემი გუნდის ან ვიღაცის გუნდის წევრებად, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. მე ზაფხულში 7 მინისტრი შევცვალე და ახლა რატომ ატყდა აჟიოტაჟი, გაუგებარია. აგერ მაქვს სია, ჩვენ სულ 27 ადამიანი გავათავისუფლეთ, ეს არის ჯანსაღი პროცესი, მთავრობას სჭირდება ახალი სისხლი... ამ ადამიანებმა გააკეთეს თავიანთი საქმე და დადგა დრო, როცა უნდა წავიდნენ, სხვა სდამსახურში უნდა გადავიდნენ", - თქვა ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ზვიად ჯანყარაშვილის წასვლას "მაესტროს" შეკითხვის შემდეგ შეეხო და განაცხადა, რომ ის "მოაზროვნე ადამიანია და ძალიან ბევრი გააკეთა შს სამინისტროში", თუმცა ამ ყველაფერს თან სდევდა აჟიოტაჟი იმის გამო, რომ ჯანყარაშვილი პრემიერმინისტრის ნათესავია. "მერე მე მას შევთავაზე პარტიული პოსტი, მაგრამ მაინც გაგრძელდა ეს პროცესი და მისთვის ეს ყველაფერი დამღლელი აღმოჩნდა და წასვლა გადაწყვიტა. მე მესმის მისი და მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არცერთ საკადრო ცვლილებაში, მათ შორის, არც ჯანყარაშვილის გადადგომაში, ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა: "თქვენ როგორ გგონიათ, ბატონი ბიძინა საკადრო საქმეებში დეპარტამენტების დონეზე ერევა და რეკავს?", - იკითხა პრემიერმინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის კურსის ვარდნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ვარდნა როგორც საგარეო, ასე შიდა სიტუაციამ გამოიწვია, თუმცა, საგანგაშო არაფერია და ლარი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამყარდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 5% შეადგინა, რაც ბევრი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მონაცემებზე მეტია. მისივე თქმით, მხოლოდ მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის შესრულებას ნაცვლად მოსალოდნელი 3,7%-სა, 3,4 % დააკლდა.