
რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაადასტურა გრიგორი კარასინის ფრაზა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს.
ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ფორმატი და კავშირის დამყარების საშუალება შენარჩუნებულია, თუმცა, შეხვედრა ჯერ არ არის დაგეგმილი. გრიგორი კარასინმა კი გუშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალ წლამდე, სავარაუდოდ, შეხვედრა არ შედგება. "სიტყვა "პაუზა" არ მომწონს. ურთიერთობის ნორმალიზება გრძელდება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ეს შესაძლებელია", - თქვა კარასინმა.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ამგავრი ფორმატი მომავალშიც შენარჩუნდება. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო და პოლიტიკური ხასიათის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატზე საქართველოს უარი უნდა ეთქვა, ეს მოსაზრება კი საქართველოს ხელისუფლებამ არ გაიზიარა.