
„ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით არავის დამატებითი უფლებები არ მიენიჭება," - კიდევ ერთი განმარტება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოისმინა სასულიერო პირების წუხილი და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულყოფილი, ობიექტური ინფორმაცია არ აქვთ.
პრემიერმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს სასულიერო პირებთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის არსის დეტალური განმარტება დაავალა.
„სასულიერო პირების ერთ-ერთი წუხილია, რომ ამ კანონპროექტით ხდება ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება და რომ მოხდება პროპაგანდა ან რაღაც საშინელება ქვეყანაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აღნიშნული კანონპროექტით რაიმე უკანონოს დაკანონება არ ხდება, არავის მიეცემა პროპაგაგანდის საშუალება და არავის მიენიჭება დამატებითი უფლებები", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, სასულიერო პირების მეორე მთავარი წუხილია ის, რომ მათ თითქოს ქადაგება აეკრძალებათ. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ამ კანონის მიხედვით არავის და პირველ რიგში ეკლესიას არ შეეზღუდება ქადაგების უფლება. აღნიშნული კანონი არ ეხება სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას და ამ მიზნით კანონპროექტში ცალკე მუხლი გავაჩინეთ.
შესაბამისად, როგორც მთავრობის მეთაური და კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არც ერთი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კანონი და არავითარი საფრთხე არ არსებობს, რომ ამ კანონით ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ტრადიციებსა და ფასეულობებს საფრთხეს შევუქმნით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.