
გოგა ონიანი და რომეო საჯაია შინაგან საქმეთა სამინისტროს კინწურაშვილების ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
ადვოკატების მტკიცებით თემურ კინწურაშვილი, რომელიც გასულ ღამით საბერძნეთში დათა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით აპირებდა წასვლას ქვეყნიდან არ გაუშვეს.
დაცვის მხარე ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს და სარფსა და თბილისის აეროპორტში მომხდარის გამოძიებას ითხოვს. თემურ კინწურაშვილი გიორგი კინწურაშვილის მამაა, რომელმაც ჯარისკაცების წამების საქმეზე ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მისცა. მოგვიანებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფმა კინწურაშვილმა თბილისში ვიდეოჩანაწერი გამოაგზავნა, სადაც პროკურატურის მხრიდან მასზე ზეწოლაზე საუბრობს.
„მე ვესაუბრე პოლიციის თანამშრომლებს, ვკითხე და ვთხოვე, რომ განემარტათ ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის თუ რა საფუძვლით, რომელი კანონით, რომელი მუხლის საფუძველზე არ უშვებდნენ ამ ადამიანს ქვეყნიდან, მათ განაცხადეს, რომ მე უნდა დავუკავშირდე თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განმიმარტავენ, თუ რატომ არ უშვებენ ამ ადამიანს. ეს არის კანონის ცალსახა დარღვევა, ეს არის ადამიანის გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ დაინერგა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებს გოგა ონიანი.